გამოკითხვები
საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (SME) DCFTA-ისთან ადაპტირების საჭიროებების უკეთ გასაგებად, 2017 წლის ზაფხულში კონსოციუმმა საქართველოს მასშტაბით გამოკითხვა ჩაატარა, რომელიც ადგილობრივი მწარმოებლების ევროკავშირის რეგულაციებთან შესაბამისობაში მოსვლისა და ევროკავშირის ერთიან ბაზარში ინტეგრაციისთვის მზადყოფნას აფასებდა. გამოკითხვამ საქართველოს ცხრავე რეგიონი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა მოიცვა.

DCFTA-ის იმპლემენტაციის საკითხში, კონსოციუმმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (CSO) მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და ქვეყნის მასშტაბით CSO-ების გამოკითხვა დაიწყო, რათა საქართველოს რეგიონალური CSO-ების ინტერესი და შესაძლებლობები შეეფასებინა DCFTA-ის იმპლემენტაციის მხარდაჭერის საქმეში. კერძოდ, თუ რამდენად არიან ისინი დაინტერესებულები და ასევე, მზად, რომ ადგილობრივ SME-ებს DCFTA-ის იმპლემენტაციაში დაეხმარონ. CSO-ების შერჩევაში ჩართულ იქნა „ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციებიც“ (BSO), რომლებიც თავიანთი აქტივობებით და ფუნქციებით CSO-ების საქმიანობას ნაწილობრივ გადაფარავენ.

ორივე გამოკითხვის შედეგები – აქ მოხსენიებული როგორც “იდენტიფიკაცია” – პროექტის პროდუქტების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. იგი მკვლევარების გუნდს იმ რელევანტური SME-ებისა და CSO-ების განსაზღვრის საშუალებას აძლევს, რომლებიც ამ პროექტის აქტივობების პოტენციური პარტნიორები და ბენეფიციარები იქნებიან. CSO-ების და SME-ების იდენტიფიკაციისთვის ჩატარებული გამოკითხვების აღწერა ქვემოთ არის მოცემული.საქართველოს CSO-ების იდენტიფიცირება
CSO-ების გამოკითხვა 61 მუნიციპალიტეტსა და 168 ორგანიზაციაში ჩატარდა (იხილეთ ცხრილი #1 საწყის ეტაპზე ჩატარებული კვლევიდან) და თითოეულ მუნიციპალიტეტში საშუალოდ სამი ორგანიზაცია იქნა იდენტიფიცირებული. მოქმედი CSO-ები არ დაფიქსირდა ზოგიერთ სამიზნე მუნიციპალიტეტში, უმეტესად, მთიან რეგიონებსა და პატარა ან რეგიონული ცენტრიდან მოშორებით მდებარე მუნიციპალიტეტებში.

CSO-ების გამოკითხვის მიზნები იყო:

- საქართველოს რეგიონებშო მოქმედ CSO-ებსა და BSO-ებზე ზოგადი ინფორმაციის შეგროვება;
- საქართველოს CSO-ებისა და BSO-ების უნარების შეფასება დახმარება გაუწიონ DCFTA-ის/SME-ების სტრატეგიის იმპლემენტაციას და ჩაერთონ DCFTA-ზე ქვეყნის მასშტაბით წარმოებულ ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიებში;
- იმ CSO-ებისა და BSO-ების იდენტიფიცირება, რომლებსაც პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებში მონაწილეობის შესაძლებლობა და სურვილი აქვთ.
- CSO-ების და BSO-ების მიერ DCFTA-ის/SME-ების სტრატეგიის იმპლემენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღებისა და პროექტის აქტივობებში მონაწილეობის სურვილის შეფასება.

CSO-ების შერჩევაში ის ორგანიზაციები მონაწილეობდნენ, რომლებიც შემდეგ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ:

- იურიდიულად რეგისტრირებულნი არიან და საქართველოს რეგიონებში მოღვაწეობენ. შერჩევიდან გამორიცხულ იქნა თბილისში რეგისტრირებული CSO-ები, რადგან პროექტი ყურადღებას ამახვილებს რეგიონული CSO-ების უნარების განვითარებასა და მათთვის ჩართულობის შესაძლებლობების მიცემაზე;
- თავიანთ რეგიონებში აქტიურად ახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებს;
პრიორიტეტი მიენიჭათ ისეთ CSO-ებს, რომლებიც DCFTA-ისთან თემატიკისთვის რელევანტურ სფეროებში მუშაობენ. ასეთებია: რეგიონული განვითარება, მეწარმეობის მხარდაჭერა, ევროპული ინტეგრაცია და ადვოკატირება. რეგიონული ცენტრების გარეთ მოქმედი CSO-ების სიმცირის გამო, იდენტიფიკაციის პროცესში სხვა თემებზე მომუშავე CSO-ებიც იქნა ჩართული.


საქართველოს SME-ების იდენტიფიცირება

SME-ების იდენტიფიცირების პროცესში, საქართველოს ცხრა რეგიონსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოღვაწე იმ მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განსაზღვრა და დარეგისტრირება მოხდა, რომელთაც DCFTA-ის ფარგლებში ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ექსპორტის აშკარა პოტენციალი აქვთ (ახლა ან მომავალში). იდენტიფიცირებული კომპანიები DCFTA-ისან დაკავშირებული პროგრამების პოტენციურ პარტნიორებად ან მათ ბენეფიციარებად იქნა მიჩნეული. კვლევის მიზანი იყო 61 მუნიციპალიტეტიდან თითოეულში 10 SME გამოეკითხა. საერთო ჯამში, კვლევაში მონაწილეობა მიიღო 559 SME-მ, თითოეულ მუნიციპალიტეტში დაახლოებით ცხრა გამოკითხულით (იხ. ცხრილი #2 საწყის ეტაპზე ჩატარებული კვლევიდან). ოთხ რეგიონსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 10 ან მეტი SME იქნა გამოკითხული, დანარჩენ რეგიონებში კი გამოკითხული SME-ების რაოდენობა ხუთიდან ცხრამდე მერყეობდა. გამოკითხულთა რაოდენობა დაბალი იყო მთიან რეგიონებში, განსაკუთრებით კი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, სადაც მოქმედი SME-ების შედარებით მცირე რაოდენობა აკმაყოფილებდა შერჩევის კრიტერიუმებს.

საქართველოს SME-ების იდენტიფიკაციის ძირითადი მიზნები იყო:

- რეგიონულ SME-ებზე ზოგადი ინფორმაციის მიღება და მათი პროფილების განსაზღვრა (წარმოების მოცულობა და ექსპორტის პოტენციალი);
- DCFTA-ის საკითხებზე მათი ინფორმირებულობის დონის შეფასება;
- ევროკავშირის ერთიან ბაზარზე მათი ექსპორტის პოტენციალისა და მონაწილეობის შეფასება;
- იმ ძირითადი გამოწვევების განსაზღვრა, რომლებიც ევროკავშირის ერთიან ბაზარზე მათ უფრო ეფექტურად ყოფნას უშლის ხელს.

გამოკითხვისთვის SME-ები შეირჩეოდა, თუკი ისინი აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:

- იურიდიულად რეგისტრირებულნი არიან და საქართველოს რეგიონებში მოღვაწეობენ. თბილისში რეგისტრირებული SME-ები განზრახ იქნა გამორიცხული შერჩევიდან, რადგან აღნიშნული პროექტის მიზანი რეგიონული SME-ების ჩართულობა და მხარდაჭერაა;
- შეესაბამებიან მცირე ან საშუალო ზომის საწარმოების „საქართველოს საგადასახადო კოდექსით“ და „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ კანონით დადგენილ განსაზღვრებას;
- აწარმოებენ საქონელს, რომელიც პოტენციურად შესაძლოა, ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ექსპორტირდეს. სერვისის მიმწოდებელი საწარმოები კვლევიდან გამოირიცხა.


CSO-ებისა და SME-ების იდენტიფიცირების კვლევის მეთოდოლოგია:

CSO-ებისა და SME-ების იდენტიფიცირებისთვის ჩატარებული გამოკითხვა რაოდენობრივი კვლევის მეთოდებს ეყრდნობა. კვლევის სუბიექტებს სთხოვეს შეევსოთ ღია და დახურული კითხვებისგან შემდგარი ელექტრონული კითხვარი. კითხვარების შევსების შედეგად მიღებული მონაცემები „ექსელის“ პროგრამის ელექტრონულ ცხრილებში დამუშავდა. მეორე ფაზაში კი უკვე საველე კვლევა ჩატარდა  მკვლევარები რეგიონებში დადიოდნენ და კვლევის სუბიექტებთან პირისპირ ინტერვიუებს ატარებდნენ, იგივე კითხვარების გამოყენებით, რომელიც ონლაინ გამოკითხვის დროს იქნა გამოყენებული. CSO-ებისთვის განკუთვნილი ნახევრად სტრუქტურირებული კითხვარი შედგებოდა 16 კითხვისგან. ის შემდეგ კატეგორიებად იყო დაჯგუფებული: ადგილობრივი CSO-ების შესახებ ზოგადი ინფორმაცია (ნაწილი I); მათი საქმიანობის არეალი, მათ შორის  სამიზნე ჯგუფები, მუშაობის სფერო და კომუნიკაციის საშუალებები (ნაწილი II). SME-ებისთვის განკუთვნილი ნახევრად სტრუქტურირებული კითხვარი, თავის მხრივ, შედგებოდა 30 კითხვისგან და სამ ნაწილად იყოფოდა: ნაწილი I – SME-ების შესახებ ზოგადი ინფორმაცია; ნაწილი II – ექსპორტის პოტენციალის შეფასება, და ნაწილი III – DCFTA-ს შესახებ ინფორმირებულობის დონის განსაზღვრა.

CSO-ებისა და SME-ების იდენტიფიცირებისთვის ჩატარებული გამოკითხვის მეთოდოლოგია მოიცავდა:

• სამაგიდო კვლევას: რელევანტური CSO-ებისა და SME-ების შესახებ საჭირო მონაცემების  მათ შორის სიების და საკონტაქტო ინფორმაციის  მოპოვებას ისეთი წყაროებიდან როგორიცაა, სსო-ების შემთხვევაში: csogeorgia.org, cso.ge და ასევე CIPDD-ის მიერ შედგენილი მონაცემთა ბაზა; ხოლო SME-ების შემთხვევაში: სამიზნე მუნიციპალიტეტებში მდებარე „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს“ საკონსულტაციო ცენტრები, Bia.ge და „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა“. სამიზნე SME-ებისა და სსო-ების იდენტიფიცირების პროცესში მკვლევარებმა ასევე ჩართეს სამიზნე მულიციპატეტებში მდებარე შესაბამისი სამთავრობო დეპარტამენტები და პარტნიორი ორგანიზაციების ქსელები.
• საველე კვლევას: სამიზნე SME-ების და CSO-ების გამოკითხვა ადგილზე. გამოკითხვა ტარდებოდა ნახევრად სტრუქტურირებული კითხვარების გამოყენებით, კონსოციუმში შემავალი პარტნიორი ქართული ორგანიზაციების მიერ.
• ონლაინ გამოკითხვას: კითხვარები ონლაინ აიტვირთა და კვლევის სუბიექტებს ისინი ინტერვიუერების მიერ გაგზავნილი ლინკების საშუალებით უნდა შეევსოთ.
• სატელეფონო გამოკითხვას: სამიზნე SME-ებისა და სსო-ების წარმომადგენლებთან დაკავშირება და გამოკითხვა იგივე კითხვარის გამოყენებით, როგორც ეს ონლაინ და საველე კვლევის დროს ხდებოდა.

შერჩევა ცდომილების გარეშე არ არსებობს, ამდენად, როგორც CSO-ების ასევე, SME-ების იდენტიფიცირებისას ცდომილების ზღვარი 3% იყო. ორივე გამოკითხვის შესახებ ინფორმაცია იხილეთ სექციაში „პუბლიკაციები“.